სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებისა და პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე უკვე ათეული წლებია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი.

ჩვენი მთავარი მიზანია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და აფხაზებთან ერთად, ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა.

აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს, აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ.

2025-02-15
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი - საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილი ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკური კურსისა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ ჩვენ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. ასევე სრული თანადგომა გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

ლევან მგალობლიშვილმა ანა მარია შიკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც უნგრეთი საქართველოს მიმართ იჩენს.

2025-02-13
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
 
შეხვედრა გაიმართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, რომელსაც თანამოდერატორებიც ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.
 
ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედების საკითხს.
 
ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის გამართვა 2025 წლის 4-5 მარტსაა დაგეგმილი.
2025-02-11
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.

ლევან მგალობლიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და აფხაზეთიდან იძულებითი გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

2025-02-04
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიის ელჩს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც დროებით დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

2025-01-31
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო საკითხებზე.

მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა მოსწავლეებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი.

2025-01-25